ხელი ხელს ბანს

ავტორი: საბა ბრაჭველი

„ – შენ რა, მართლა გინდა, რომ ამის გამო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს?“

რამოდენიმე კვირის წინ, მეტროთი მგზავრობის დროს, ჩემს დას ტელეფონი ამოაცალეს, გამომძიებლის მიერ მისთვის დასმული პირველი კითხვა კი სწორედ ასე ჟღერდა. ათწუთიანი გასაუბრების დროს გამომძიებლის მთავარ მიზანს ისეთი განცხადების შედგენა წარმოადგენდა, რომელშიც ეწერებოდა, რომ გვანცამ ტელეფონი თავად დაკარგა, ხოლო ქურდობას ადგილი არ ჰქონია. გამომძიებლის, ერთი შეხედვით, „ჰუმანური“ მიდგომა სინამდვილეში საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებებითაა ნაკარნახევი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნაკლს ნათლად წარმოაჩენს.

საქმე ისაა, რომ პირადი ნივთების ქურდობის ფარული ხასიათიდან გამომდინარე, საქმეში მოწმე არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დამნაშავის ამოცნობა და საქმის გახსნა შეიძლება, შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერია. თბილისის მეტროს სადგურებზე და რამდენიმე ვაგონში ვიდეოკამერები ნამდვილად არის დამონტაჟებული, თუმცა პრობლემა ამ ჩანაწერების მოპოვებაში მდგომარეობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, კომპიუტერული სისტემებიდან მონაცემის მოპოვებას 136-138-ე მუხლები არეგულირებს. ამ საპროცესო მოქმედებაზე იმავე სახის კონტროლის მექანიზმი ვრცელდება, როგორიც – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ შეუძლიათ, კანონიერად ამოიღონ და სისხლის სამართლის საქმეს დაურთონ ვიდეოკამერის ჩანაწერი, თუკი ჩადენილი დანაშაული, სულ მცირე, განზრახ მძიმე კატეგორიას არ განეკუთვნება.

შესაბამისად, გამომძიებლის მაგიდაზე მოხვედრილი წვრილმანი ქურდობების უმრავლესობა ავტომატურად ერთით მეტ გაუხსნელ საქმეს ნიშნავს. კანონმდებლობის ხარვეზის გამო, გამომძიებელი ვერ ახერხებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და კანონიერად განხორციელებული ვიდეოჩანაწერის ამოღების გზით გამოიძიოს დანაშაული.

გასაკვირი არაა, რომ პოლიცია და დაზარალებული ხშირად ერთგვარ გარიგებას დებენ – მოქალაქე აცხადებს, რომ მან პირადი ნივთი თავად დაკარგა, რითიც გამომძიებლის სტატისტიკა არ უარესდება. სანაცვლოდ გამომძიებელი ვიდეოჩანაწერს თავის ოპერატიულ მუშაკებს დაათვალიერებინებს, რითიც მოპარული ნივთის პოვნის შანსი ოდნავ იზრდება.

მსგავსი გარიგების დადება შეუძლებელია, თუ საქმეზე გამოძიება დაიწყო და იგი საპროკურორო კონტროლს დაექვემდებარა. ქურდობის სიხშირესთან დაკავშირებით რეალური კრიმინოგენული ვითარების დადგენა შეუძლებელია, რადგან მოქალაქეები და პოლიცია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებენ პრინციპით „ხელი ხელს ბანს“, ამ პროცესში კი ატყუებენ პროკურატურასაც, სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც.

გაუგებარია, თუ რატომ ზღუდავს სახელმწიფო გამომძიებელს აშკარად და კანონიერად განხორციელებული ჩანაწერების მოპოვებისგან. განსაკუთრებით უფრო გაუგებარია ეს იმ კონტექსტში, როცა იგივე სახელმწიფო ფართო შესაძლებლობას იტოვებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების უკანონოდ განხორციელებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსმენების უკანონოდ განსახორციელებლად სახელმწიფოს ფართო ასპარეზი გააჩნია. იმ პირობებში, როდესაც ერთი სამსახური აწარმოებს გამოძიებასაც და ფარულ საგამოძიებო მოქმედებასაც, ამ უკანასკნელის უკანონოდ განხორციელების საფრთხე რეალურია. ეს რისკი ვერც შემოთავაზებული კანონპროექტის მეშვეობით აღმოიფხვრება, რადგან ახალი სააგენტო კვლავ სუსის შემადგენლობაში რჩება.

შესაბამისად, საქმე პარადოქსულ მოვლენასთან გვაქვს – ერთი მხრივ, საგამოძიებო ორგანოებს არ შეუძლიათ ყველაზე ყოფითი და მარტივი საქმეების გახსნა, რადგან კანონიერად წარმოებულ ჩანაწერებზე არ მიუწვდებათ ხელი. მეორე მხრივ კი, იმავე საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად შეუძლიათ უკანონო ჩანაწერების განხორციელება და მოპოვება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე არსებული არასაკმარისი რეგულაციების გამო.

რიგითი მოქალაქის ინტერესები კი ორივე შემთხვევაში უგულებელყოფილი რჩება.