შეჯიბრი ცალკარში?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე

2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის პროცესმა ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა, რაც მართლმსაჯულების ინკვიზიტორული მოდელიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლით გამოიხატა. თავის მხრივ, შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს პაექრობას პროკურორსა და ბრალდებულს (მის ადვოკატს) შორის, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს დახმარებით, მოიპოვონ მათი პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებები და წარუდგენენ სასამართლოს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამოიტანოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი.

შესაბამისად, შეჯიბრებითი სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მხარეთა თანასწორობა  წარმოადგენს, რაც ჩვეულებრივ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში თანაბარ შესაძლებლობებს უნდა გულისხმობდეს. თუმცა, პრაქტიკაში დაცვის მხარეს უწევს გაუმკლავდეს უამრავ სირთულეს. მაგალითისთვის, რამდენიმე კვირის წინ  სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ. კერძოდ,  სასამართლოს საჩივრით მიმართა ბრალდებულ გ. ხ.-ს ადვოკატმა  და ითხოვა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი შესასვლელის მაკონტროლებელი ვიდეოკამერის ფირის ამოღება 25 ივლისის 23:00 საათიდან 26 ივლისის 01 საათამდე, აგრეთვე, „ა.-ს“ მეტროს წინ, ქ. წ.-სა და წ.-ს ქუჩების მიმართულების შუქნიშნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ფირების ამოღება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნილი ქმედება  არ არის ამოღება,  არამედ ეს არის კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა, რომლის ჩატარების მოთხოვნის უფლება არ ააქვს დაცვის მხარეს. კარგი იქნება თუ სასამართლო იმსჯელებს არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპებით და დაცვის მხარეს მიანიჭებს კომპიუტერული სისტემიდან მონაცემების მიღების უფლებას, რაც საბოლოო ჯამში ერთგვარად დაიცავს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.

2009 წლამდე არსებული მოდელის თანახმად, სამართალდამცავი ორგანო  ვალდებული იყო მოეპოვებინა პირის როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებებიც. თუმცა, კანონმდებლის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის გაძილერებამ და პროკურორსა და ბრალდებულს შორის ფუნქციების მკვეთრმა გამიჯვნამ, ბრალდების მხარეს ასეთი ვალდებულება მოუხსნა.  ამდენად, პირი, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების განხორცილეებას ედავებიან არ ელოდება, თუ რა მტკიცებულებებს წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდება, არამედ, თავადაც მოიპოვებს  გამამრთლებელ მტკიცებულებებს, მიუხედავად იმისა რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ბრალდებულს არ ევალება ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, არამედ ამის მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალდების მხარეს.

შეჯიბრებითი სისიტემა მაშინ არის ეფექტური, თუ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და ხელოვნურად არ ექმენებათ ბარიერები მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში.

რაც შეეხება სასამართლოს როლს,  შეჯიბრებითობის მთავარი არსიც ის არის, რომ სასამართლო თავად არ მოიძიებს მტკიცებულებას, თუმცა მასზე არის დამოკიდებული რამდენად შექმნის მხარეებისათვის თანაბარ პირობებს. არსეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ჩატარებასაც მხარე, განასაკუთრებით კი დაცვის მხარე, დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს. სწორედ აქ იკვეთება სასამართლოს აქტიური როლი უზურნველყოს,  კანონმდებლობის სწორად გამოყენება და არ დაუშვას მხარეთა შორის თანასწორუფლებიანობის დარღვევა.  სხვაგვარად წარმოუდგენელია ვისაუბროთ  შეჯიბრებითი პროცესის სამართლიანობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)აღნიშნა , რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მხარეთა მექანიკურ თანასწორობას და არ შეიძლება გულისხმობდეს/ უშვებდეს არგუმენტების მიჩქმალვის, ან მათზე თვალის დახუჭვის გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. პირიქით, პრინციპი ხელს უნდა უწყობდეს ორივე მხარის სასარგებლო, ყველა შესაძლო არგუმენტის მაქსიმალურად გამოვლენას და  პაექრობაში მოხვედრას, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი  სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეჯიბრებითი სისტემის მთავარი არსი  დაცული იქნეს მკაფიო და განჭვრეტადი საკანონმდებლო რეგულაციით, ამისათვის აუცილებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება:

უპირველესად მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს მიენიჭოს უფლება გამოითხოვოს კომპიუტერში დაცული ინფორმაცია, რადგან ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე ძირითადი ინფორმაცია სწორედ კომპიუტერულ სისტემაში არის თავმოყრილი.

სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითი სისტემა სპორტულ თამაშს ჰგავს, რომელსაც ყოველთვის ერთი გამარჯვებული ჰყავს. ჩვენ არ მოგვწონს და ყოველთვის ვაკრიტიკებთ ისეთ თამაშს სადაც მსაჯი მიკერძოებულია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, მას ეხმარება ლელოს დადებაში, ხოლო მეორე მხარეს არ აძლევს უფლებას მოედნის ცენტრი გადალახოს, საბოლოოდ ესეთი გუნდი ყოველთვის განწირული არის მარცხისათვის. ისევე როგორც სპორტში, სისხლისამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დაცული იქნეს   მხარეთა თანასწორობა.