სოციალური სამუშაოს გამოწვევები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში

ავტორი: ნატალია ცაგარელი

ყოველი წლის მარტის მესამე სამშაბათს, მსოფლიო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ამ პროფესიის მნიშვნელობას, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სოციალური მუშაკები და რატომ არის მათი პროფესია ასეთი მნიშვნელოვანი. ამავდროულად, პროფესიული დღე, საშუალებას აძლევს სოციალურ მუშაკებსაც, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გააანალიზონ თავინთი პროფესიული არჩევანი.

რატომ ირჩევენ ადამიანები აღნიშნულ საქმიანობას?

იმედია, ჩემი მეგობარი სოციალური მუშაკები  არ მიწყენენ, თუ სოციალურ ქსელებში,  მათ მიერ პროფესიულ არჩევანზე საუბრისას გამოყენებულ ფრაზებს, უნებართვოდ და დეპერსონალიზებულად, ციტატების სახით გადმოვიტან.

  • „მე ვარ სოციალური მუშაკი, რადგან მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ადამიანებს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ.”
  • ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნოთ მათ ადამიანების რწმენა და საკუთარი ღირსების შეგრძნება
  • . რადგან მჯერა, რომ ადამიანების სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც მაკეთებინებს ჩემს საქმეს. 

ამ სიტყვებმა ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე და სხვებთან ერთად, მეც კიდევ ერთხელ დამაფიქრა სოციალური სამუშაოს მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოში სოციალური მუშაობის ისტორია  არც ისე ხანგრძლივია. მისი განვითარება დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის გატარებას უკავშირდება.  1999 წელს, ჩვენ მივიღეთ კანონი „შვილობილობის შესახებ“, რომლის აღსრულებისთვისაც საჭირო იყო სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა.  დროთა განმავლობაში, სოციალური მუშაკის როლი და ფუნქციები გაიზარდა და სოციალური მუშაკის ინსტიტუტმა მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებისთვისაც მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა.

მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, რიგ შემთხვევებში, არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის ფუნქცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომლებს დაეკისრათ. ეს სიახლე უწყებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, შესაბამისად, სოციალურ მუშაკთა გადამზადება და დამატებითი უნარებით აღჭურვა რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა.  არასრულწლოვანთა კოდექსითა და საქართველოს მთავრობის #668 დადგენილებით, დეტალურად გაიწერა არარსრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროფესიონალების გადამზადების ვალდებულება და  სპეციალიზაციის სტანდარტი. აღნიშნული რეგულაციები შეეხო სისხლის სამართლის პროცესის ყველა სუბიექტს, გარდა საპროცესო წარმომადგენლებისა, რაც ჩემი აზრით, ალოგიკურია და სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს.

სწორედ ამ საკითხებს შეეხება სპეციალური კვლევა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ახორციელებს ფონდ „ღია საზოაგადოება საქართველო“-ს ფინანსური მხარდაჭერით. ვინაიდან, კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს, აგრეთვე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური მუშაკების საქმიანობას უკავშირდება, მსურს, ყურადღება გავამახვილო, აღნიშნულ პროცესში გამოკვეთილ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე.

2016 წლის 1 იანვრიდან, სოციალურ მუშაკებს დაემატათ საპროცესო წარმომადგენლის  ფუნქცია, თუმცა სოციალური მუშაკების რაოდენობა არ გაზრდილა. რთული სიტუაციაა პრობაციის ეროვნულ სააგენტოშიც, სადაც სოციალური მუშაკები ამზადებენ რამდენიმე სახის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს,  არიან სერვისის მიმწოდებლები, ახორციელებენ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნების  ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის და სხვ.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი შვილი, და, ძმა ან მეგობარი მოხვდა მართლმსაჯულების სისტემაში, ცხადია ყველა ვისურვებდით, რომ მან მაღალი სტანდარტის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღოს,  სასამართლო ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას არა მხოლოდ წმინდა სამართლებრივი საკითხების, არამედ არასრულწლოვნის სოციალური გარემოს შესახებაც. რამდენად შესაძლებელია ეს სოციალური მუშაკების არსებული დატვირთვის პირობებში? მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოვიშველიებ  შესაბამის სტატისტიკას,  მაგალითად :

  • სამეგრელოში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკია, საქმეების რაოდენობა კი 84,
  • თბილისში 11 სოციალური მუშაკია, თითოზე დაახლოებით 46 საქმე მოდის,
  • ქვემო ქართლში/გარდაბანში ერთი სოციალური მუშაკია, რომელსაც წარმოებაში 51 საქმე აქვს.

დამეთანხმებით, რომ ასეთ დატვირთვასთან გამკლავება ადამიანურ ძალებს აღემატება. რიგ შემთხვევებში, სოციალურ მუშაკთა შფოთვის საგანს  ფორმალური პროცედურების დაცვა და ვადებში ჩატევა წარმოადგენს. მათ არ რჩებათ ფუფუნება იფიქრონ ანგარიშის ხარისხზე. პირადად მე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა ყველა პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმავალ გზაზე, პრობაციის სააგენტოს ადამიანური რესურსის ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

აუცილებელია, მაღალი დონის მენეჯერებმა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება ქვეყნის შიდა რეფორმების წარმატებისა და საერთაშორისო იმიჯისათვის.

მე, ალბათ ისევე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ბევრი გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ სოციალურ მუშაკებს მიეცეთ შესაძლებლობა, იმუშავონ იმ სტანდარტით, რომელსაც იმსახურებენ როგორც თავად ისინი, ასევე მათი სერვისით მოსარგებლენი. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესის უკეთ დაცვასა და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლიანი სისტემის უზრუნველყოფას. როგორც სოციალური სამუშაოს „დედად“ წოდებული ჯეინ ადამსი ამბობდა ნამდვილი მშვიდობა არის არა ომის არარსებობა, არამედ სამართ