სამართლის მოლოდინში?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ა.ჩ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა გამამართლებელი განაჩენით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ 2006 წლის სექტემბერში, ა.ჩ. დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მოთხოვეს, დაერწმუნებინა შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები,  აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა.  მოცემულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, 2006 წლის 18 ოქტომბერს, ა.ჩ. დააკავეს თაღლითობის ბრალდებით. ბრალდებას  საფუძვლად დაედო ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 04 ივლისის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ  და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით.

წლების განმავლობაში, დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებებმა, სისხლის სამართლის პროცესში საერთაშორისო დონეზე აღიარებული უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებმა და  დღევანდელი ხელისუფლების დაპირებებმა, სავსებით მართებულად გააჩინა საზოგადოებაში 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის მოლოდინი.

უსამართლოდ გასამართლებულ პირთა არსებობა თავად სახელმწიფომაც აღიარა, როცა 2012 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა დადგენილება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ და გარკვეულწილად, აიღო კიდეც ვალდებულება. ამ პირთათვის შეექმნა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმი. თუმცა, პრაქტიკულად, შესაბამისი რეგულაციები, დღემდე არ ამოქმედებულა.

2016 წელს, საქართველოს პარლამენტმა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განახორცილა ცვლილებები, რომლის თანახმად, პროკურორს მიეცა უფლება, მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით თუ მიიჩნევს, რომ პირს სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაერღვა უფლებები.

შემოთავაზებული ცვლილება ვერ შეფასდება ნოვაციად, რადგან 2009 წლიდან, კანონმდებლობაში უკვე არსებობს ნორმა, რომლის საფუძველზეც პროკურორს შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვოს. კერძოდ, თუ არსებობს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად,  პირის უდანაშაულობას ამტკიცებს.

შესაბამისად, არსებული რეგულაციების სწორად გამოყენება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თავიანთი შინაარსით არაფერს ცვლის. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია, (მით უფრო, რომ უკვე ორი გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა) აუცილებელია, შევაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურია კანონი პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილება ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმებს.   კანონში ბევრი საკითხი გაუგებარია და დაზუსტებას საჭიროებს.

კერძოდ:

  • უცნობია, შესასწავლ საქმეს პროკურორი საკუთარი ინიციატივით არჩევს თუ კონკრეტული პირის მიმართვის საფუძველზე?!
  • გაურკვეველია, რა კატეგორიის საქმეები ექვემდებარება შესწავლას?!
  • პროკურორი ვალდებულია თუ უფლებამოსილი შესწავლილ საქმეზე მიიღოს შესაბამისი დასკვნა?!
  • რა კრიტერიუმები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ბრალდების მხარემ  უფლებების  დარღვევა არსებითად მიიჩნიოს?!
  • იმ შემთხვევაში, თუ პროკურორმა არ დადგინა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტი, რა მექანიზმი აქვს პირს, მინიმუმ ერთჯერადად მაინც, გადამოწმოს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება ზემდგომ ორგანოში და ა.შ.

ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც კანონმდებლობა არ პასუხობს პასუხს და შესაბამისად წარმოშობს ნორმის არაკეთილსინდისიერად განმარტების საფრთხეს.

აქვე, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროკურორს უკრძალავს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის დროს,  უარი თქვას ბრალზე. ეს უკანასკნელი,  არამხოლოდ საფრთხეს უქმნის დისკრეციული სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტიტუტს, არამედ შესაძლოა, დააზარალოს პირის ინტერესებიც.  კანონმდებლობის თანახმად, პირ(ებ)ის სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობის დაკისრება/შეწყვეტა არის პროკურორის უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს რომ პროკურორს შეუძლია ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში უარი თქვას ბრალზე. ზოგადი წესიდან გამონაკლისი მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლეზე განაჩენის გადასინჯვის შემთხვევაა, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბრალდების ექსკლუზიურ უფლებაზე.

რაც შეეხება დაზარალებულის ინტერესს, მართალია ერთი მხრივ პროკურორს უფლება აქვს დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის თაობაზე, მაგრამ  სასამართლო არ არის ვალდებული ავტომატურად დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე პროკურორს შეეძლო ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერ სასამართლოში, უარი ეთქვა ბრალზე, რაც ნიშნავს რომ ბრალდების მხარე აღიარებს ერთი მხრივ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობას და პირის მიმართ წარმოებულ საქმეს წყვეტს, ან მეორე მხრივ, შესაძლებელია ეს გამოყენებულ იქნეს პირის მიმართ დარღვეული უფლებების ერთგვარ კომპენსირებად.

საბოლოოდ, იმისათვის, რომ კანონმდებლობაში არსებული ნორმები და განხორციელებული ცვლილებები არ იქცეს ფუჭად მნიშვნელოვანია, არსებული ნორმების ეფექტური გამოყენება,  პროცესის წარმართვა გამჭვირვალეთ-მკაფიოთ განსაზღვრული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს მოჩვენებითი სამართლიანობის აღდგენას, საქმის შერჩევის დროს მიკერძოებულობას და რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას.  ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა საზოგადოებაში შექმნის უნდობლობის და უსამართლობის განცდას, რაც იმთავითვე დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს.