რატომ ვუჭერ მხარს დეკრიმინალიზაციას?!

ავტორი: მარიამ ბეჟანიშვილი

2001 წელს პორტუგალიაში მოხდა ყველა სახის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს, რომ  მომხმარებელთათვის ყველანაირი სისხლისსამართლებრივი სასჯელი გაუქმდა და იგი ჩაითვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თუმცა ადმინისტრაციული სახდელებიც იშვიათად გამოიყენება და მთავარი აქცენტი გაკეთებულია მკურნალობასა და მოხმარების პრევენციაზე.

მრავალი მოწინააღმდეგის დრამატული პროგნოზის მიუხედავად, ნარკოპოლიტიკის ცვლილებამ შეამცირა მოხმარება მრავალ მაჩვენებელში,

კერძოდ, საგრძნობლად შემცირდა ე.წ. მძიმე ნარკოტიკის მოხმარება ზოგადად და ყველა ნარკოტიკის მოხმარების მაჩვენებელი ახალგაზრდებში, ისევე როგორც ინფექციური დაავადებებისა და ზედოზირებით სიკვდილიანობის რაოდენობა. დღეისათვის, პორტუგალიას აქვს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარიხუანას მოხმარებაშიც.

დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაში დასარწმუნებლად, ამ საკითხის გარშემო, სულ მცირე ჩაღრმავებაც  საკმარისია.

მეტნაკლებად ნაცნობი არგუმენტების გარდა, ნარკოტიკების მოხმარების დანაშაულად გამოცხადება ეწინააღმდეგება ქმედების დანაშაულად გამოცხადებისთვის დადგენილ პირობებს, რომელთაგან უმთავრესია ამ ქმედებით სხვა პირთათვის ზიანის მიყენება.

იმ პირობებში კი, როცა ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, მისი დასჯა ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკასაა მოკლებული.

ასეთი მიდგომით, დასჯადი უნდა იყოს საკუთარი ჯანმრთელობის სხვა სახით დაზიანებაც (მაგ. სიგარეტის მოწევა) და თვითმკვლელობის მცდელობაც.

მოხმარების კრიმინალიზება ასევე არასწორია მისი პრაქტიკული არაეფექტურობის გამო. პირველ რიგში, მომხმარებელთა დასჯა ვერ აღწევს სასჯელის მიზნებს – თითქმის 100% შემთხვევაში დასჯა არ იწვევს მოხმარების შეწყვეტას, მაშინ როდესაც ნარკოტიკების უბრალო მომხმარებლის ციხეში ჩასმით 1. დიდი შანსია რომ იგი გახდება ციხეში არსებული კრიმინალური სუბკულტურის წევრი;[1] 2. მოხდება მისი საზოგადოებისგან გარიყვა დამნაშავედ და ნარკომანად სტიგმატიზაციის გამო. გარდა ამისა, მომხმარებელთა სისხლის სამართლის პროცესის წარმოებაზე და შემდგომ ციხეში შენახვაზე დახარჯული თანხებით თავისუფლად შეიძლება მათი მკურნალობის უზრუნველყოფა, რომელიც, როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა ბევრად ეფექტურია რეალური შედეგების თვალსაზრისით.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა რომ ნარკოტიკების მოხმარება იწვევს სხვა დანაშაულების რაოდენობის ზრდას ქვეყანაში. არსებობს მოსაზრება, რომ მოხმარების კრიმინალიზაცია ხელს უწყობს ნარკოტიკების „შავი ბაზრის“ განვითარებას. აქ მოქმედებს ე.წ. „აკრძალული ხილის“ პრინციპი, რომელის მიხედვითაც ნარკოტიკის მიმზიდველობას უმეტესად განაპირობებს მისი აკრძალული ხასიათი. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში კი ნარკოტიკებზე მოთხოვნა შემცირდება, როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნეში ალკოჰოლთან დაკავშირებით არსებული „მშრალი კანონის“ გაუქმების შედეგად, რის გამოც ალკოჰოლი აღარ იყო კრიმინალური ორგანიზაციებისთვის საინტერესო შემოსავლის წყარო.

ნარკოტიკული თრობის, ისევე როგორც ნასვამ მდგომარეობაში სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს დანაშაულისთვის პირის პასუხისგებას, ამიტომ გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება დამატებით ადამიანის დასჯა წინასწარ, მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ნარკომანია დაავადებაა. ეს ადამიანები საჭიროებენ სახელმწიფოს მიერ მკურნალობას და არა დასჯას. მომხმარებელთა ეფექტური საკურნალო პროგრამების შემუშავებით ვერ მოხდება ქვეყნის ამ სენისგან სრულად განკურნება, მაგრამ მოხდება ნარკოტიკთან დაკავშირებული სიტუაციის სტაბილიზაცია, რაც უფრო რეალისტური და ხელშესახებია.

პორტუგალიელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არცერთი იმ კოშმარულ სცენართაგან, რომელსაც დეკრიმინალიზაციის მომხრეები წინასწარმეტყველებდნენ, არ მომხდარა. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ ლისაბონი არ გადაქცეულა ნარკოტურიზმის ცენტრად, ისევე როგორც არ გაახალგაზრდავებულა ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკი.

ეს ყველაფერი არაა, მაგრამ უკვე საკმარისია „მკურნალობა, დასჯის სანაცვლოდ“ პოლიტიკის უპირატესობაში დასარწმუნებლად. ამით მოგებული რჩება ყველა – მომხმარებელი, რომელიც თავს დააღწევს, ან გააკონტროლებს მის დაავადებას; სახელმწიფო, რომელსაც აღარ ექნება ციხეების გადატვირთულობის პრობლემა და შეუძლია დეკრიმინალიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული რესურსი მიმართოს უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე; საზოგადოება, რომელიც პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად თავისუფლდება ნარკოტიკებისაგან.

ჩემთვის, როგორც სისხლის სამართლის სტუდენტისა და მომავალი პრაქტიკოსისათვის, მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მომხმარებელთა მიმართ სტიგმის აღმოფხვრა  არის აუცილებელი და გარდაუვალი, რაშიც უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც სამართლის სფეროში მოღვაწე, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ნებისმიერ თქვენგანს.

[1] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარ. 47; UNODC, From Coercion to Cohesion, Treating Drug Dependence through Health Care, 2009, 3.