პირობითი იმედის უფლება

ავტორი: საბა ბრაჭველი

2005-2009 წლებში მოქმედი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად არაერთ ადამიანს შეეფარდა არაპროპორციულად მაღალი სასჯელი. სისხლის სამართლის საფუძვლიანი რეფორმის შედეგად, სასჯელთა პროპორციულობა მიღწევადი გახდა. მაგალითისთვის, ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში გამოტანილ  განაჩენთა 40% თავისუფლების აღკვეთას ხუთ წელზე მეტი ვადით ითვალისწინებდა.  ამჟამად საპატიმრო სასჯელის გამოყენების მაჩვენებელი 29%-მდეა შემცირებული და მათგან, დამნაშავეთა მხოლოდ 2.2 %-ს ენიშნება თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით.

თუმცა, არ შეცვლილა იმ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, რომლებსაც „არ გაუმართლათ“ და გაცილებით მძიმე სასჯელი დაენიშნათ, ვიდრე ანალოგიური დანაშაულისთვის თუნდაც 2015 წელს გასამართლებულ პირებს.

ქართული კანონმდებლობა განაჩენის გადასინჯვისთვის განსაკუთრებულ გარემოებებს ითვალისწინებს, ამიტომ არაპროპორციულად დასჯილ პატიმართა მდგომარეობის გამოსწორების ყველაზე მარტივ მექანიზმს ე.წ. „უდო“ წარმოადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  ადგილობრივ საბჭოებს შეუძლიათ, პატიმარს დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელის ფორმით შეუცვალონ, ან პირობით ვადამდე გაათავისუფლონ (თუ რეალურად მოიხადეს: მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – მოსახდელი სასჯელის 2/3, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში – მოსახდელისასჯელის 3/4.). სწორედ ეს მექანიზმია იმედის ერთადერთი სხივი სასჯელთა უპირობო შეკრების პერიოდში გასამართლებული პირებისთვის.

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოები ხუთი სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა ხელმძღვანელობდნენ: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ დანაშაულის ხასიათსა და დანიშნულ სასჯელს აქცევენ ყურადღებას. ერთხელ არასწორად დანიშნული სასჯელი პატიმარს მუდმივად თან სდევს.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, უარის შესახებ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს.

მსჯავრდებულთა დახასიათებები, რომელიც საბჭოს წარედგინება, ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილია, ხოლო ზოგჯერ სიმართლესაც არ შეესაბამება.

საბჭოს წევრები მსჯავრდებულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ესაუბრებიან, თუ ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 3 თვის განმავლობაში საბჭოს 2578 მსჯავრდებულმა მიმართა სასჯელის გადახედვის თხოვნით. საბჭო მათგან მხოლოდ 126 მსჯავრდებულს (4.8%) გაესაუბრა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რიცხვში ყველა კატეგორიის პატიმარი მოიაზრება. მაღალი სასჯელის მქონე მსჯავრდებულებთან გასაუბრების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო დაბალია.

კანონი ითვალისწინებს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ ეს მექანიზმიც არაეფექტიანია. მსჯავრდებულთა უმეტესობას არ შეუძლია გადაიხადოს სასამართლო ბაჟი, ან დამოუკიდებლად შეადგინოს სარჩელი. სასამართლოს არ შეუძლია შეცვალოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეალურად, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის წრეებზე სიარული იქამდე გრძელდება, სანამ იმედგაცრუებული პატიმარი არ დაიღლება და საბოლოოდ ხელს არ აიღებს სიმართლის სამართლებრივი გზებით ძიებაზე.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა სასჯელის გადასინჯვის წესი. ამავე პაკეტის მიხედვით, სასამართლოს ექნება უფლება, შეცვალოს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შემოთავაზებული პაკეტი საბჭოების ფუნქციონირების დახვეწის კუთხით არასაკმარისია. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესის გამარტივება უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

ამჟამად, გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა უმთავრესი ფაქტორია მსჯავრდებულთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტისას. წინასწარი უარყოფითი განწყობის გამო შეუძლებელი ხდება წარსულში ჩადენილი უსამართლობის გამოსწორება. ადგილობრივი საბჭოს წევრები არ ესაუბრებიან მსჯავრდებულებს, მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ციფრების მეშვეობით განსაზღვრავენ მათ ხასიათს, მიზნებს, საშიშროებას. სცენას „შოუშენკიდან“, სადაც რედი საზოგადოებაში დაბრუნებაზე საუბრობს, ქართული ანალოგი ვერ მოეძებნებოდა. რთულია რესოციალიზაციაზე საუბარი, როცა შენთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება წინასწარვე ცნობილია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველაზე სასტიკი სასჯელი არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ იმედის უფლების სამუდამოდ ჩამორთმევაა.