მოწმის სტატუსი – თანამშრომლობა თუ სასჯელი?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე 

რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოება აღაშფოთა 22 წლის ახალგაზრდის მიერ თვითმკვლელობის წინ დატოვებულმა სიტყვებმა  ,,დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“.  თვითმკვლელობის მიზეზად დასახელდა პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებები.

ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა, როდესაც მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამუკა მიქაუტაძე იყო ავტომანქანის ხელოსანი, ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

2013 წლის 05 ივლისს, მამუკა მიქაუტაძე გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში მოწმის  სტატუსით დასაკითხად. დაკითხვიდან გამოსულმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ორი საქმე არ არის გამონაკლისი, სადაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს უკანონო ქმედებას ედავებიან.

ამგვარი მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას, გარკვეულწილად ხელს უწყობს საზოგადოებაში ინფორმირებულობის ნაკლებობა. ხშირ შემთხვევაში, პირმა არ იცის, თუ რა უფლება-მოვალებებს განაპირობებს მოწმის სტატუსი. მაგალითად,  ნაკლებად არის ცნობილი, რომ მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

ერთი მხრივ, ცნობიერების ნაკლებობა, ხოლო მეორე მხრივ, საგამოძიებო ორგანოში დამკვიდრებული პრაქტიკა, ბუნებრივად წარმოშობს სახელმწიფოსთან თანამშრომლობის და ინფორმაციის მიწოდების შიშს.

2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მიზნად ისახავდა არსებული რისკების შემცირებას. კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, მოწმის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ჩანაცვლდა ნებაყოფლობითი თანამშრომლობით. მართალია,  სახელმწიფომ აღიარა მოწმის თანამშრომლბაზე დაფუძნებული სისტემის უპირატესობა, თუმცა, შესაბამისი რეგულაციები, სრული მოცულობით, დღემდე არ მოქმედებს.

ახალი წესით, მოწმეთა ნებაყოფლობითი გამოკითხვა, კვლავ არ მოქმედებს ზოგიერთ ისეთი კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცლესა და ჯანმრთელობასთან, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან და ა.შ.

შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ გაუქმებულიყო მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარების წესი და პრაქტიკა, გარკვეული რესურსები მიმართულიყო პირის ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, ისევ  ორ პოლუსზე აღმოვჩნდით: რიგ დანაშაულებზე კვლავ საგამოძიებო ორგანოში ხდება მოწმის დაკითხვა, ხოლო რიგ დანაშაულებზე  – გამოკითხვამ ფორმალური ხასიათი მიიღო.

განხორციელებულმა ცვლილებებმა არამხოლოდ საფრთხე შეუქმნა ნებაყოფლობითი გამოკითხვის ინსტიტუტის განვითარებას, არამედ კიდევ უფრო დააზარალა დაცვის მხარის ინტერესები.

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებას უფლება აქვს გამოძიების ეტაპზე, ნებისმიერ დროს, მოწმე იძულების წესით დაკითხოს მოსამართლის წინაშე. ანალოგიურ უფლებამოსილებას კანონმდებელი არ ითვალისწინებს დაცვის მხარისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმე თავად წყვეტს ითანამშრომლოს თუ არა ბრალდებულის ადვოკატთან.

გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოწმის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. წლების განმავლობაში, ჩვენების შეცვლისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა, მოწმეთა დაშინების  ეფექტურ საშუალებად გამოიყენებოდა. სახელმწიფომ განსაკუთრებულ წარმატებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა.

ერთი შეხედვით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. თუმცა, პარალელურად, სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ ცრუ ჩვენების მუხლს ჩაემატა -ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობა, რომელიც,  პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება გაუქმებული სადამსჯელო ღონისძიებისაგან.

დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს საგრძნობლად აზიანებს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო გაიაზრებს მოქალაქეებთან თანამშრომლობის უპირატესობას.

მართალია, ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ იძულების გარეშე პირი უარს იტყვის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე, თუმცა რისკებს სათანადოდ აბალანსებს მოწმის მხრიდან დაცულობის და მისი უფლებების პატივისცემის განცდა.

ამავდროულად, კანონმდებლობაში არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო პირს სავალდებულო წესით დაკითხავს მოსამართლის წინაშე.

საბოლოოდ, მოწმის დაკითხვის/გამოკითხვის პოლიტიკა, რომელიც დანაშაულთან ბრძოლის მთავარ იარაღად იყენებს იძულებას და არ სურს შეიმუშაოს მოწმესთან თანამშრომლობის სტრატეგია, მარცხისთვისაა განწირული. საზოგადოებაში მოწმის სტატუსი უნდა განიხილებოდეს, როგორც მოქალაქეობრივი მოვალეობა. ამისთვის კი, საჭიროა, მკაფიო, განჭვრეტადი და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება.