ზედმეტი კიბერ „სიყვარული“

ავტორი: საბა ბრაჭველი 

სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, როგორც სამართლებრივ, ისე – ფილოსოფიურ კონტექსტში, მოქალაქეთა დაცვაა. სახელმწიფო მანქანა, საპოლიციო, სამხედრო და სხვა მექანიზმებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უნდა მუშაობდეს. ერთი სიტყვით, სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ დაგვიცვას უცხო ძალებისა და ერთმანეთის თავდასხმისგან. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მოქალაქეს საკუთარი თავისგან სჭირდება დაცვა?

2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებამ გააანალიზა, რომ უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციაში კიბერ სივრცის დაცულობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. შეიქმნა კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ჩამოყალიბდა კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი, შემუშავდა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები და  კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია. მოგვიანებით, ასევე დამტკიცდა კრიტიკული სუბიექტების ნუსხა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დაწესებულებების (მაგალითად, სამინისტროების) მონაცემთა ბაზების დაცვას.

ფორმალურად, კანონი სრულყოფილია, თუმცა რეალურად საქართველო ახლაც ისევე დაუცველია კიბერ შეტევების წინააღმდეგ, როგორც 9 წლის წინ. უსაფრთხოების სტრატეგია რეალურად დღემდე არ ამოქმედებულა, კრიტიკული სუბიექტების მესამედს კი საერთოდ არ ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი. ამასთანავე, არსებული 27 მენეჯერიდან  მხოლოდ 9 არის სერტიფიცირებული. ზოგადად, რთულია დავადგინოთ, რა  ტემპით მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვინაიდან, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, არცერთ სახელმწიფო უწყებას აუდიტის შედეგები  არ წარმოუდგენია.

იმ დროს, როდესაც სახელმწიფო მის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ხელისუფლება მოქალაქეების სულ სხვა „საფრთხისგან“ დაცვას ცდილობს.

კერძოდ, 2015 წლის 4 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება, გავრცელება და რეკლამირების ბრალდებით 40 პირი დააკავეს. მათგან 39-მა პირმა მომგებიანი საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან, ხოლო მეორმოცე ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

გიორგი ფუტკარაძეს საკუთარ საიტზე გასპარ ნოეს „სიყვარულის“ უკანონოდ ატვირთვას ედავებიან. ფილმი, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, ასევე აჩვენეს ბათუმის ფესტივალის ფარგლებშიც და დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში,  თუმცა შსს-ს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ იგი პორნოგრაფიად მიიჩნია. საინტერესოა, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც კანონიერი პორნოგრაფიის ცნებას ჩამოაყალიბებდა. მეტიც, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული თავად პორნოგრაფიის ცნება. ამ სფეროში ერთადერთი რეგულაცია მაუწყებელთა ქცევის კოდექსია, თუმცა ის მხოლოდ ლიცენზირებულ მაუწყებლებს ეხება და შეზღუდული მოქმედების მქონე აქტია.

შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება წარდგენილი ბრალდების კანონიერება – როგორ შეიძლება დასაჯო ადამიანი ქმედებისთვის, რომლის განმარტება კანონში საერთოდ არ მოიძებნება, რომლის მნიშვნელობა თავად კანონმდებლისთვისაც კი უცნობია? 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ფუტკარაძის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. „ზედმეტად დამცველი“, (overprotective) მშობლის ინსტიტუტი. მშობლის აბსოლუტური კონტროლის რეჟიმში, ბავშვები ვეღარ ახერხებენ დამოუკიდებლობის სწავლას, უქვეითდებათ შემოქმედებითი უნარები, ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ და უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. გასულ წელს დასრულებული კვლევის თანახმად, მშობლის ზედმეტმა „სიყვარულმა“ შესაძლოა გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრამვა გამოიწვიოს.

ფაქტია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თავად გაავლოს ზღვარი ხელოვნებასა და პორნოგრაფიას შორის და ამავდროულად მოქალაქეებს დაგვიდგინოს, რისი ნახვა შეიძლება და რისი-არა. დიდი ძმის მსგავსად, სამინისტრო მოქალაქეთა „ზნეობის“ დაცვის საბაბითა და ცენზურის დაწესების რეალური მიზნით მოქმედებს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება უამრავი კიბერ გამოწვევის წინაშე დგას, მთავარ საზრუნავს პორნოგრაფიული მასალის შემცველი ვებგვერდების კვლევა და კონტროლი წარმოადგენს.

ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, კარგა ხანია, სრულწლოვანობის ასაკი გადალახა. თუმცა, სანამ სახელმწიფოს პოლიტიკა უუნარო, დასაცავი, „დიდი ბავშვების“ კვლავწარმოებას ისახავს მიზნად, სრულყოფილი მენტალური რევოლუცია კვლავაც შორეული პერსპექტივაა. სამოქალაქო საზოგადოება ვერასოდეს შეძლებს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მიღწევას, სანამ სახელმწიფოს ყურადღება რეალური საფრთხეების ნაცვლად მასტურბაციის კონტროლისკენ იქნება მიმართული.