დაზარალებულის ფორმალური უფლებები?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე

2009 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესმა ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა, რაც მართლმსაჯულების ინკვიზიციური სისტემიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლით გამოიხატა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაზარალებულის საპროცესო სტატუსს შეეხო, კერძოდ, იგი აღარ წარმოადგენს პროცესის მხარეს და სარგებლობს მხოლოდ პროცესის მონაწილის სტატუსით, რამაც მკვეთარად შეზღუდა მისი უფლებები სისხლის სამართლის პროცესში.

2009 წლამდე მოქმედი  სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით  დაზარალებული პროკურორის მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა, იგი ამავდროულად პროკურორთან ერთად,  იცავდა ბრალდების პოზიციას. დაზარალებულის უფლებები იმდენად ფართო იყო, რომ იმ შემთხვევაში  თუ გამოძიების პროცესში პროკურორი უარს იტყოდა ბრალის წაყენებაზე, საქმე არ სრულდებოდა და სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის როლში დაზარალებული გამოდიოდა.

პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეისათვის უმთავრეს გამოწვევას დაზარალებულის სტატუსის მოპოვება წარმოადგენს. გაზრდილია მსხვერპლთა მომართვიანობა, რომლებიც დაზარალებულად ცნობასა და საქმის მასალების გაცნობაზე უარს აპროტესტებენ.

შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა გამოძიების ეფექტიანობისა და ობიექტურობის შესახებ.

დაზარალებულად ცნობასა და, შესაბამისად, სისხლის სამართლის მასალების გაცნობაზე უარი, უმეტესწილად იმით საბუთდება, რომ კონკრეტული პირის მიმართ არ არის გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 24 ივლისს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განახორციელდა ცვლილებები, რომლითაც დაზარალებულს მიენიჭა უფლება გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს. კანონში განხორციელებული ცვლილებების მთავარი არსი სწორედ ის გახლავთ, რომ პირს, რომელსაც ზიანი მიადგა, შეეძლოს გამოძიების მიმდინარეობას მიადევნოს თვალი, გაეცნოს საქმის მასალებს და საჭიროების შემთხვევაში,დააფიქსიროს პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნათელია, რომ  პრობლემა უფრო პრაქტიკაშია, ვიდრე –  კანონმდებლობაში.

ამასთანავე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო , გამოძიების ეფექტურობის შეფასებისას, ცალკე კრიტერიუმად იხილავს პროცესში დაზარალებულის მონაწილეობის (ჩართულობის) საკითხს. პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, დაზარალებული უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი გარემოებების, მათ შორის, გამოძიების დაწყებისა და მისი შედეგების თაობაზე.ამასთან, მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს გამოძიების მასალებზე  იმ ხარისხით, რომ  ეფექტურად შეძლოს გამოძიების მიერ მიღებული (შემაჯამებელი) გადაწყვეტილების გასაჩივრება.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თანახმად, დაზარალებულად ცნობაზე უარი, დევნის დაწყების/არ დაწყების ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს  მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ამ კატეგორიის დანაშაულად ითვლება  ქმედება, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს ათ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კანონმდებლობის თანახმად, ის თუ კონკრეტულ შემთხვევაზე რომელი კატეგორიის მუხლით დაიწყება გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება.

ამდენად, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ დროულად შეიმუშავოს და განახორციელოს სისხლის სამართლის პროცესში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის უფლებების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. უპირველესად, პირს უფლება უნდა მიეცეს ყველა კატეგორიის დანაშაულზე სასამართლოში გაასაჩივროს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის და დევნის არ დაწყების  ან დევნის/გამოძიების შეწყვეტის შესახებ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება.