ბებერი კანონის რქები

ავტორი: საბა ბრაჭველი 

რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი მრავალსართულიანი სახლი, ბეტონის საძირკვლის ნაცვლად, 30 წლის წინ მოჭრილ ხის მორებზე დგას, რომელიც სიძველისა და მეტისმეტი დატვირთვის გამო, სადაცაა წაიქცევა?

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დანაშაულის რიცხვს.

ეს ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეს სასამართლოსთან ურთიერთობა სამართალდარღვევის გამო უფრო ხშირად უწევს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კანონს კი, წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა წარმოადგენდეს.

ბეტონის კონსტრუქციისთვის შეყენებული ხიმინჯების მსგავსად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ძალიან ძველი კანონია. იგი 31 წლის წინ მიიღეს სახელმწიფოში, რომელიც უკვე აღარ არსებობს და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს  პრეზიდიუმის მდივნის ხელმოწერის საფუძველზე რჩება ძალაში. 2012 წლის არჩევნების შემდგომ, განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის რეფორმას დაეთმო, რის გამოც, ადმინისტრაციული სამართლის, განსაკუთრებით კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებამ ერთგვარად მეორე პლანზე გადაინაცვლა.

გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობის წყალობით, კოდექსმა ყველა ხელისუფლებას და საკონსტიტუციო ცვლილებას გაუძლო. რაკი ჩვეულებრივ კანონში ცვლილების შეტანა დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ საჭიროებს, კოდექსის სტრუქტურა და ნორმატიული შემადგენლობა, ხელისუფლების ნების მიხედვით, მუდმივად იცვლებოდა. 31 წლის განმავლობაში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა, კოდექსი სხვადასხვა ნაწილებისგან აწყობილ ფრანკენშტაინის მონსტრად გადააქცია.

განუწყვეტელი ცვლილებების მიუხედავად, კოდექსში ადამიანის უფლებათა გარანტიების გათვალისწინება ყველა ხელისუფლებას „დაავიწყდა“.

სამართალდარღვევაში ბრალეულ პირს შეიძლება უფრო მძიმე სახდელი დაეკისროს, ვიდრე დამნაშავეს.იმ დროს როდესაც,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პროცესუალური გარანტიები საერთოდ არ მოიძებნება. მაგალითად, არ არსებობს ვალდებულება დაკავებულ პირს ეცნობოს მისი უფლებები და დაპატიმრების საფუძველი. არ არის განსაზღვრული სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არათუ სამართლიანი სასამართლოს ელემენტებს, კოდექსი ბრალის დადასტურებისა და სახდელის შეფარდების პროცედურებსაც კი არ ითვალისწინებს.

არასაკმარისი მატერიალური ბაზის არსებობა, სასამართლო პრაქტიკაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, რისი საუკეთესო მაგალითიც უდანაშაულობის პრეზუმფციაა. კოდექსი საერთოდ არ ადგენს მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილებასა და მტკიცების სტანდარტებს, რაც პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას. მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებმა ეჭვი მოქალაქეთა წინააღმდეგ გადაწყვიტეს და აიძულეს პირი, ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელს დაემტკიცებინა მისი ბრალეულობა.

საინტერესოა, რომ კოდექსი მოსამართლეებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებასაც არ ავალდებულებს. შედეგად, მოსამართლე თითქმის ყოველთვის ეყრდნობა პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს და უგულებელყოფს მოქალაქის ახსნა-განმარტებას. მოსამართლეთა პრაქტიკა რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება – რომელიმე რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შესაძლოა, პატიმრობა გამოიყენოს ქმედებისთვის,( განსაკუთრებით, ასკ 166-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებზე), რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლო გაფრთხილებას სჯერდება.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებების შაბლონურობა და დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს  საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო და Human Rights Watch-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები. წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ვიზიტის შედეგად, 2010 და 2014 წლის ანგარიშებში მიუთითა, რომ მოქალაქეები ადვოკატს მხოლოდ სასამართლო პროცესის დაწყებისას ხვდებიან, რაც დაცვის უფლებით სარგებლობას შეუძლებელს ხდის.

ამრიგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი პროცესის მოთხოვნათა სრული უგულვებელყოფის გამო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ეს პრობლემა კარგად იყო ცნობილი ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც სწორედ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის მიზნით,  შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია . მოგვიანებით, კომისიამ მის მიერ შემუშავებული ახალი კანონის სამუშაო პროექტი წარმოადგინა. არაერთი ხარვეზის მიუხედავად, შემოთავაზებული პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას მოქმედ კოდექსზე გაცილებით უკეთ უზრუნველყოფს.

კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად ჯერ კიდევ არ წარდგენია და საერთოდ უცნობია, ისევ იგეგმება თუ არა მოქმედი კოდექსის შეცვლა. იქამდე, სანამ მთავრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, საბჭოთა საქართველოდან შემორჩენილი უკანასკნელი კოდექსი კვლავ აგრძელებს დროის წინააღმდეგ ბრძოლას. როგორც იტყვიან, ბებერი ხარის რქები ისევ ხნავენ, თუმცა, ამ კონტექსტში, მოხნული მხოლოდ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები რჩება.