აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თავისებურებები

ავტორი: ლევან ვეფხვაძე

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 თავი არეგულირებს ბრალდებულის პირველად წარდგენას სასამართლოში, სადაც ამავდროულად შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიება არის პირის მიმართ გამოყენებული დროებითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ  მან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიიმალოს და არ განადგუროს მტკიცებულებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, არ ადასტურებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის საკითხს, სამართალწარმოების ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხულია პირის ბრალეულობის შეფასება.

კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების სხვადასხვა სახეებს ითვალისიწნებს: პირადი თავდებობა, გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. გირაო წარმოადგენს მატერიალურ ქონებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფული, ასევე უძრავი ქონება. პირადი თავდებობის შემთხევავში პირი კისრულობს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრი ფორმა არის პატიმრობა.

მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს. კერძოდ,  იმისათვის, რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიება უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებით ფორმაში ავითარებს მსჯელობას, რომ პირი, რომელსაც  ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მოიყვანოს საკმარისი არგუმენტები პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს  კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

მნიშვნელოვანია, რომ უპირატესობა ყოველთვის მიენიჭოს პირის უფლებებისა და თავისუფლების  ნაკლებად შემზღუდავ ფორმას. ამასთან, სასამართლოს აქვს ვალდებულება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებლობისას, სათანადო მყარ არგუმენტებზე მითითებით. ეროვნულ დონეზე ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს, რომ სამწუხაროდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების  განხილვის ეტაპზე ხშირად არ ხდება მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა. ამასთან, სასამართლო არაერთგვაროვანი და არათანმიმდევრულია,  რაც თავის მხრივ იწვევს არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ამასთანავე, კანონმდებლობის თანახმად, პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 72 საათში სასამართლოს მხრიდან უნდა იქნეს განხილული  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი. თუმცა, თუ პირს დაკავების გარეშე წაუყენეს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს რა ვადაში უნდა მიმართოს პროკურორმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ხარვეზი ქმნის კანონის არაერთგვაროვანი და თვითნებური გამოყენების რისკებს.  იქმნება რეალური საფრთხე, რომ პირი შესაძლებელია  ხანგრძლივი ვადით იმყოფებოდეს პატიმრობაში, ისე, რომ მის მიმართ განაჩენი არ იყოს დამდგარი. ცალსახაა, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. აუცილებელია ეს ხარვეზი კანონმდებლობაში დროულად აღმოიფხვრას.

ამდენად, იმისათვის რომ არ მოხდეს პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მომეტებული შეზღუდვა, აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეფასდეს. ამასთან, დასაბუთება, რომ ბრალდებული არ მიიმალოს, არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ერთნაირად სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც პატიმრობის, ისე უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებისთვის.