10 წელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებიდან

2009 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ყველაზე მასშტაბურ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

საპროცესო კოდექსის ცვლილებების მიზანი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფა იყო. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ინკვიზიციური მოდელიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლა, შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის განსხვავებულად დარეგულირება, უშუალობის პრინციპი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ა.შ.

სისტემის შეცვლიდან 10 წლის განმავლობაში საპროცესო კანონმდებლობით დარეგულირებული საკითხი აღმოჩნდა პრობლემური მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შემუშავდა არაერთი კვლევა, დაგროვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და სისტემა არაერთხელ შეფასდა საერთოშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, შემუშავდა შეფასებით-სამართლებრივი კვლევა – 10 წელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებიდან (ძირითადი მიგნებები და არსებული გამოწვევები).

ამავდროულად, შეიქმნა ვებ-სივრცე, სადაც განთავსებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებული პუბლიკაციები და საკონსტიტუციო სასამართლოს დოკუმენტები.