სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.  მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რეფორმა

ჯგუფმა მოისმინა ექსპერტთა პირველადი მოსაზრებები მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ცენტრალურ საკითხი წარმოადგენდა კონკრეტული სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადატანა და მათზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელება.

ექსპერტთა მოსაზრებით, კარგი იქნება თუ აღნიშნული სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადავა. თუმცა, მათი პოზიციით, თანაბარი ეფექტი ექნება როგორც სისხლის სამართლის კოდექსში სამართალდარღვევების გადატანას, ასევე შესაბამისი გარანტიების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასახვას. მათი მტკიცებით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია რომელ მოდელს აირჩევს და ეროვნულ კანონმდებლობას რომელ პრინციპზე დაყრდნობით შეიმუშავებს. მათთვის მთავარია, დაცული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტები იმ ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც თავისი ბუნებით არის სისხლისსამართლებრივი (ე.წ. Criminal Charge დოქტრინა).

მათივე განცხადებით, მოდელები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება არასწორი იქნება. შესაძლებელია, ადმ.სამართალდარღვევათა კოდექსში ადაპტირებული პროცედურების გაწერა, რომელიც ერთი მხრივ, შესაბამისობაში იქნება მე-6 მუხლთან და მეორე მხრივ, არ გამოიწვევს სტიგმას საზოგადოებაში, რომ გარკვეული ქმედებები კრიმინალიზდა და მათ დამნაშავეები ეწოდათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტები მხოლოდ 5 სამართალდარღვევაზე არ გავრცელდეს, არამედ მოიცვას ყველა ის ქმედება, რომელიც თავისი ხასიათით სისხლისსამართლებრივია.

  • ექსპერტთა მოსაზრებების გათვალისწინებით ჯგუფი შეიმუშავებს საბოლოო პოზიციას.