სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა.  ჯგუფმა იმსჯელა შემდეგ საკითხებზე:

  • მოწმის დაკითხვის ახალი წესის მონიტორინგის მეთოდოლოგია
  • კონსტიტუციური სარჩელები მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებით
  • პროკურორის დადგენილება- როგორც სასჯელის გადასინჯვის საფუძველი
  • სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც იგეგმება მოწმის დაკითხვის ახალი წესის მონიტორინგი. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეების იდენტიფიცირების მიზნით,  წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ ცენტრთან.

ამასთანავე, ჯგუფმა მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებულ 3 კონსტიტუციურ სარჩელზე იმსჯელა. მოთხოვნა დაყენებულია ბრალდებულისა და მოწმის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. პირველი სარჩელი ეხება ბრალდების უფლებამოსილებას, დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე, პირი დაკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. მეორე სარჩელი უკავშირდება, ბრალდებულის საპროცესო თანასწორობას გარდამავალ პერიოდში, როდესაც დანაშაულების გარკვეულ კატეგორიაზე კვლავ მოქმედებს მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი. ჯგუფის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მესამე კონსტიტუციურმა სარჩელმა, რომელითაც გასაჩივრებულია გარდამავალი დებულებები მოწმის უფლებრივი გარანტიების თვალსაზრისით.

ჯგუფმა იმსჯელა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შესულ ცვლილებაზე. კერძოდ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს დაემატა პროკურორის დადგენილება-მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.  ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს მკაცრად გაწერილი სახელმძღვანელო კრიტერიუმები, რაც ზრდის პროკურატურის მიერ მექანიზმის არალეგიტიმური მიზნებისთვის გამოყენების რისკებს. ამასთანავე, რთულია განისაზღვროს სასამართლოს როლი დადგენილების განხილვის პროცესში. შესაბამისად, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისგან ჯგუფი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

ჯგუფი შეთანხმდა გასვლითი შეხვედრის ჩატარების აუცილებლობაზე.  შეხვედრის დროს მოხდება, ჯგუფის მიერ აქამდე არსებული კვლევების, კანონპროექტების განხილვა და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება. ამასთანავე, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალ საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობის სტრატეგიის დაგეგმვა.