რამდენად კონსტიტუციურია მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების არსებული წესი?

2016 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია, როდესაც სისხლის სამართლის პროცესში, დაცვის მხარე, სასამართლოს ნებართვით, ახორციელებს ჩხრეკა-ამოღებას და ვალდებულია, ამოღებული მტკიცებულება პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს ბრალდების მხარეს (პროკურორს, გამომძიებელს).

ასევე, გასაჩივრებულია საკანონმდებლო დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი ინახება კომპიუტერულ სისტემაში, მხოლოდ პროკურორს შეუძლია ასეთი მტკიცებულების ამოღება, ხოლო დაცვის მხარე იგივე უფლებით არ სარგებლობს. მაგალითად, თუ პირი ბრალდებულია ქურდობაში და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ესაჭიროება ვიდეოკამერით გადაღებული მასალის მოპოვება, მას ეკრძალება მიმართოს სასამართლოს ამ მასალის ამოღების მოთხოვნით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული საკანონმდებლო რეგულაციები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, მოუწოდებს პროფესიულ წრეებს, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მოცემული საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, აქტიურად ჩაერთონ სამართალწარმოების პროცესში, მათ შორის, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები „სასამართლოს მეგობრის“ მეშვეობით.